უკანასკნელი სურვილი  – „პედრო პარამო“ – ხუან რულფო

ხუან რულფო - პედრო პარამო.jpgბევრი რამ გამიგია ესპანურად და პორტუგალიურად მოლაპარაკე მოსახლეობის სიყვარული ქრისტესადმი. სამხრეთ ამერიკული და მექსიკის ქრისტიანული სიყვარული ცალკე კულტადაც შეგვიძლია განვიხილოთ. მართალი გითხრათ ზუსტად არც ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ მიზეზი აუცილებლად იქნება. რაც არ უნდა იყოს წიგნში „პედრო პარამო“ რწმენისადმი ერთგულება, თავდადება და რწმენა განწმენდისა კარგად აღწერილი და გადმოცემული.

„პედრო პარამო“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ.ხუან რულფო - პედრო პარამო პროფილი

წიგნის ავტორი, რომელშიც რომანთან ერთად მოთხრობებიც შედის, ხუან რულფოა (Juan Nepomuceno Carlos Pérez Rulfo Vizcaíno მოკლედ Juan Rulfo) – მექსიკელი მწერალი, სცენარისტი და ფოტოგრაფი (1917-1986). ის ასევე ცნობილია  El Llano en llamas (The Burning Plain and other Stories) (გამოიცა 1953) ნაწარმოებით. ზუსტად არ ვიცი ეს წიგნი ნათარგმნი არის თუ არა.

წიგნში  „პედრო პარამო“ (გამოიცა 1955 წელს) ასევე შედის შემდეგი მოთხრობები:

  • განთიადისას;
  • ტალპა;
  • უთხარი, არ მომკლან!
  • ლუვინა;
  • იმ ღამეს, როცა მარტო დარჩა;
  • ყური დაუგდე, ძაღლები ხომ არ ყეფენ?!
  • გახსოვს?
  • ჩრდილოეთის საზღვარი;
  • ანაკლეტო მორონესი.

პირველი რასაც კითხვისას აუცილებლად შეამჩნევთ მწერლის მიერ კარგად აღწერილი გარემოა. იმდენად კარგად გადმოსცემს, რომ ადვილად ხვდებით იმ ადგილას სადაც მთავარი გმირი იმყოფება. აი პატარა ამონაწერი მოთხრობიდან:

„წკაპ, წკუპ“, – ისმოდა წამდაუწუმ და წვეთები თავგამეტებული წკაპუნით ეცემოდნენ აგურებშუა ამოზრდილ დაფნის ფოთლებს. ფოთოლი იდრიკებოდა და ხტოდა. ჭექა-ქუხილმა გადაიარა. დროდადრო უბერავდა ქარი და ბროწეულის ხეს დატაკებული მბრწყინავ წვეთთა ჩქერებს ბერტყავდა ტოტებიდან. მიწაზე დაცემული წვეთები უკვალოდ ქრებოდნენ. სანამ ჭექა-ქუხილი იდგა, ქათმები აფხორილები ისხდნენ, თითქოს სძინავთო“.

ამ ციტირებიდან კარგად ჩანს მწერლის ორიგინალური ხელი და მთარგმნელის პროფესიონალიზმი.

კითხვას, რომელსაც ყოველთვის საკუთარ თავს ვუსვამთ: რა არის სიკვდილის შემდგომ? სად არის ჩემი სული? ვინ ვარ რეალურად?  რა ხდება იქ? ათეისტისთვის პასუხი მარტივია – არაფერი. ხოლო მორწმუნესთვის პასუხი მრავალნაირია. ასობით სარწმუნოება არსებობს, ასობით კი მივიწყებულია. სიკვდილი კი ყველასთვის (ჯერ-ჯერობით მაინც) გარდაუვალი რამაა. გონი თუ შემოგვრჩა სიკვდილს ოდესღაც მაინც ვიხილავთ. მწერალი, რომანში „პედრო პარამო“ გვთავაზობს წარმოდგენას, რომელიც ერთ-ერთ მივიწყებულ სოფელში ხდება.  წარმოდგენას, რომლის მთავარი მონაწილეები მიცვალებულები არიან.

ამას წინათ გადავაწყდი ინფორმაციას, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მცირდება. საუკეთესოს საძიებლად ახალგაზრდები ქალაქებისკენ მიეშურებიან. ამაში ცუდი არაფერია. ეს ფაქტობრივად განვითარების ერთ-ერთი მახასიათებელია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხეტიალისას ხშირად შემხვედრია მიტოვებული სოფლები  და სახლები. ჩემმა წინაპრებმაც თავის დროზე დატოვეს ასეთი სახლი და გადმოვიდნენ ქალაქში საცხოვრებლად. ყოველთვის, როდესაც ასეთ სოფელს ან სახლს ჩავუვლი წარმოვიდგენ სხვა მასში როგორ ცხოვრობდა, რას ფიქრობდა, რა მიზნები ჰქონდა, ვინ ზრუნავდა მასზე და ის ვიზე ზრუნავდა. წიგნში ამ წარმოდგენის პარალელია გავლებული თუ რა ხდება მიტოვებულ „ქვეყანაში“.

ყველაზე მეტად წიგნში დედისადმი სიყვარული და უკანასკნელი სურვილის ახდენა მხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ გავერკვიე რომანში, ხელახლა განვიცადე ის განცდა რასაც დედისადმი სიყვარული ქვია – ფაქიზი და ხელშეუხებელი.

სიკვდილი, სიკვდილი და კიდევ სიკვდილი – ის საერთო რაც ყველა მოთხრობას მიჰყვება. რაღაცნაირად გთრგუნავს და გასევდიანებს.  მოთხრობებმა ჩემზე უფრო მეტი შთაბეჭდილება დატოვა ვიდრე რომანმა „პედრო პარამომ“. რაღაცნაირად ველოდებოდი უცნაურ, განსხვავებულ ან გაუგებარ დასასრულს, რომელიც სამწუხაროდ ამ რომანს არ აღმოაჩნდა ან უბრალოდ მე ვერ გავიგე.

წიგნის წაკითხვას რა თქმა უნდა გირჩევთ. ამით თქვენ გაეცნობით ახალ კულტურას, წარმოდგენას და იმ მოვლენებს, რომელიც დედამიწის მეორე მხარეს ვითარდებოდა.

 რჩევა მწერლისგან, ისიც ასევე სიკვდილზე:

  • „სიკვდილს ვერავის გაუზიარებ, – მემკვიდრეობა როდია იგი, რომ ვინმეს გაუყო, მწუხარება კი ცუდი საცდურია სტუმრებისათვის“.

 

13.03.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s