გარდასული ლეგენდები – „ჰურინის შვილები” – ჯ.რ.რ. ტოლკინი

ჯ.რ.რ. ტოლკინი - ჰურინის შვილები 3.jpgმეგობრობა, ეს ხომ უმთავრესი რამაა ყველა ნაწარმოებისთვის. თავგადასავალი კი მეგობრების გარეშე წარმოუდგენელიცაა.  აქ შეხვდებით არა მარტო მეგობრების შეძენას, არამედ მათ დაკარგვას, არა უბრალოდ, არამედ ტრაგიკულად – ხასიათითაც კი დაგაღონებთ.

„ჰურინის შვილები“  „პორტალის“ სერიის პირველი წიგნია. „პორტალი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში. ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგან.

ჯ.რ.რ. ტოლკინი - ჰურინის შვილებიწიგნის ავტორი ლეგენდარული ჯ.რ.რ. ტოლკინია / J.R.R. Tolkien (1892-1973) სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორია. თქვენთვის კარგად ნაცნობი „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებელის“ ავტორი. მის ბიოგრაფიაზე ბევრი დაწერილა, ამიტომ დამატებით თქვენთვის მომინდია მისი გაცნობა.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„„ჰურინის შვილები“, ისევე როგორც ჯონ რონალდ რუენ ტოლკინის ლეგენდარიუმის ყველა წიგნი, საოცარი ძალის ნაწარმოებია. ორმა ადამიანმა ლამის მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მას. 26 წლის მწერალმა 1918-ში დაიწყო რომანზე მუშაობა. შემდეგ სულ უბრუნდებოდა და შორდებოდა… და 81 წლისა ისე გარდაიცვალა, არ დაუსრულებია. ხელნაწერების, ჩანახატების, რუკების მთები დაუტოვა შვილს, კრისტოფერ ტოლკინს, რომელმაც წლები მოანდომა ნაწერებში გარკვევას, რედაქტირებას, ამბების შეკოწიწებას, სიუჟეტების რეკონსტრუქციას და, ბოლოს და ბოლოს, გააცოცხლა შორეული მიწებისა და სამყაროების შურ-ჩრდილები. და აი, თქვენ წინაშეა ლეგენდა ელფებზე, ადამიანებსა და დრაკონზე, ამბავი მეფე ჰურინსა და მის ვაჟზე, დაწყევლილ ტურინ ტურამბარზე, რომელსაც ბედმა არგუნა, დაეღუპა ყველა, ვისაც შეიყვარებდა. თქვენ წინაშეა დიდი თავგანწირვისა და დიდი მწუხარების ამბავი.

„ჰურინის შვილები“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.“

წიგნი თავიდანვე მოგხიბლავთ ილუსტრაციებით, იმდენად რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ და თითოეულ ილუსტრაციას დაწვრილებით შეათვალიერებთ. (ქვეყნიერების რუკაც ისე კარგად იშლება, საერთოდ არ გიშლის კითხვაში ხელს).

ისტორია და ზოგადად ტეტრალოგია ძალიან მიყვარს (რიცხვების დამახსოვრებას ვერც მე ვიტან). ვკითხულობ „ჰურინის შვილებს“ და მგონია ეს არც ფანტასტიკა და არც ფენტეზია. ეს არის პარალელური სამყარო, სადაც გვინდა რომ ვიცხოვროთ, სადაც ამოვიკითხავთ წინაპრების ისტორიას.

ილუსტრაციებმა (კიდევ ვიმეორებ) მომხიბლა, მაგრამ ისინი თავიდან შინაარსის გარეშე დავათვალიერე, კითხვისას კი თითოეულ მათგანს ხორცი შეესხა და შესაბამისად სიუჟეტში განვითარებულ მოვლენებს უკეთესად აღიქვავ. განა რა არის სურათი ისტორიის გარეშე?

თავისთავად ეს წიგნი თავგადასავალია, რომელიც სავსეა მოლოდინებით. თან დაძაბული და ამავდროულად სულმოუთქმელად კითხულობ ნაწერს. მასში დამატყვევებელ ორთაბრძოლებსა და ბრძოლებს შეხვდებით.

ბოლოსკენ კი გეტყვით, რომ თქვენ ღრმად შეაღწევთ ტოლკინის სამყაროში და თავს მის ნაწილად აღიქვამთ. აქვე დავძენ, რომ ეს არაა ისტორია ბედნიერებისა და საუკეთესო თავგადასავალისა. ეს გზაა მწუხარების და სევდისა,  გზა წყევლისა და უიმედობისა, გზა ბოროტებისა და სიმყრალისა, გზა ცრემლისა და გულის დადაღვისა.

ციტატები ავტორისგან:

  • ადამიანებს კარგად ეხერხებათ სხვების დარიგება, მაგრამ თვითონ ცოტა თუ სწავლობს ჭკუას;
  • მწუხარება ოდენ საწრთობია ძლიერთა გონებისათვის;
  • უმჯობესია, არ გაამხილო საკუთარი სურვილები, თუ მათი ასრულება შეუძლებელია;
  • ის ვინც მომავალს გაჰყურებს, ერთ რამეს ხედავს: ყველაფერი იცვლება და არაფერი რჩება უწინდებურად;
  • უსასყიდლოდ გაეცი, მაგრამ ოდენ იგი, რაც შენი კუთვნილია;
  • თუ კეთილი სიტყვა ყელზე გადგება, ჯობს დადუმდე, რამეთუ დუმილი, საბოლოოდ, ყველაზე კარგ სამსახურს გაგვიწევს.

მინდა ილუსტრაციები გაგიზიაროთ (Illustration Alan lee 2007), ზემოთ ნათქვამმა თუ არა იქნებ მათ მოახერხონ და მოგანდომონ წიგნის წაკითხვა.

და ბოლოს, უბრალოდ შეუძლებელი იყო კრისტოფერ ტოლკინის (ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილის) შესავალი სიტყვა არ დამერთო ამ ბლოგისთვის:

„არსებობს შუახმელეთის თქმულებები, რომლებიც „ბეჭდების მბრძანებლამდე“ გაცილებით ადრე შეიქმნა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავიც რუხი ნავსადგურის დასავლეთით მდებარე, უძველეს მიწებზე მოხდა – იქ, სადაც ერთ დროს ხისწვერა დააბიჯებდა.  ის მიწები პირველი ეპოქის მიწურულს დიდმა კატაკლიზმებმა ჩაძირა.

ადრეული დღეთა იმ მონაკვეთში მორგოთს, პირველ ბნელ მეუფეს, ანგბანდის უვრცეს ციხესიმაგრეში, ჩრდილოეთში მდებარე რკინის ჯოჯოხეთში დაევანა; ხოლო ტურინისა და მისი დის, ნიენორის ტრაგედია ანგბანდის შიშის აჩრდილის, ელფთა მიწებისა და მათ საიდუმლო ქალაქების წინააღმდეგ მორგოთის მიერ წარმოწყებული ომის ფონზეა გადმოცემული.

მათი ხანმოკლე და მძიმე ცხოვრება მორგოთის მძულვარების ქვეშ წარიმართა, რადგან ისინი ჰურინის შვილები იყვნენ, ადამიანისა, რომელმაც გაბედა, პირისპირ გამოწვია და შეურაცხყო მსახური, უფრთხო, ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპის სხეულში ჩაბუდებული ძლევამოსილი სული, გაგზავნა მათ წინააღმდეგ. სასტიკი ბრძოლებითა და მუდმივი ლტოლვით, ტყეებში მალცით, დევნითა და წინააღმდეგობის გაწევის უიმედო მცდელობებით აღვსილ ამ ამბავში ბნელი მეუფე და დრაკონი შემზარავი სიცხადით წარმოჩინდებიან. გესლიანი და დამცინავი გლაურინგი ცდილობს ტურინისა და ნიერონის ბედისწერაზე ეშმაკისებური გაიძვერობით და სიცრუით მოახდინოს გავლენა, რათა მორგოთის წყევლა აღასრულოს.

ამ ამბის თავდაპირველი ვერსიები ჯ.რ.რ. ტოლკინმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულსა და მომდევნო წლებში დაწერა; თუმცა დიდი ხანი გავიდა და, „ბეჭდების მბრძანებლის“ დასრულების შემდგომ, იგი თავიდან გადაწერა და ნიშანდობლივად განავრცო სიუჟეტებითა და პერსონაჟებით: იგი იქცა შუახმელეთის ამბად, თუმცა დასრულება და მისთვის საბოლოო სახის მიცემა მან ვერ შეძლო. ხელნაწერთა ხანგრძლივი შესწავლის შემდგომ შევეცადე, თანამიმდევრული თხზულება, ყოველგვარი განვრცობისა და დამატებების გარეშე, მოცემული წიგნის სახით შემეკრა“

07.08.2017
რატი ბახტაძე

სერია „პორტალის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s